ბრიტანეთის საელჩო: "საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს"

18-02-2021 18:05:14 საგარეო პოლიტიკა

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას.

"ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები