
კობახიძე – გახარიას გადადგომის შემდეგ: „ქვეყანა, სადაც არ არის კანონის უზენაესობა, სახელმწიფოდ ვერ შედგება“
18/02/2021 07:51:38 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამწუხარო უწოდა გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების თაობაზე.
როგორც მან თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუნდში იყო დისკუსია ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით.
კობახიძე ამბობს, რომ გახარიას გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა არგუმენტაცია ვერ მოისმინა.
„ქვეყანა, სადაც არ არის კანონის უზენაესობა, ვერ შედგება სახელმწიფოდ“,– განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 19 თებერვალს პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება და დასახელდება პრემიერ–მინისტრის კანდიდატი:
„ჩვენი გუნდის ყურადღება იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. რომელიც დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“.
მან მოუწოდა ნიკა მელიას, „დაემორჩილოს კანონს“.
მას კომენტარი არ გაუკეთებია ოპოზიციის მოწოდებაზე დიალოგებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ხოლო შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.