დეპუტატი "ოცნებიდან" მიიჩნევს, რომ ერთ დღეში საქართველოს 36 000-მდე მოქალაქის მიერ გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილის გამოხატვა ტრაგედია არ არის
17/02/2021 08:07:28 პოლიტიკა, საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი მიიჩნევს, რომ ერთ დღეში 36 000-მდე საქართველოს მოქალაქის გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილის გამოხატვა ტრაგედია არ არის.
როგორც დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" აცხადებს, ეს ადამიანები გერმანიაში დასარჩენად არ მიდიან და პანდემიის პერიოდში ეკონომიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებენ.
"ამაში ტრაგედიას რას ხედავთ? მილიონზე მეტი ადამიანია საქართველოდან სამუშაოდ გასული. ჩემი ოჯახიც 25 წელია ემიგრანტია და გერმანიაშია დღემდე. ამაში რას ხედავთ ტრაგედიას, რომ ოფიციალურად და არა არალეგალურად ადამიანებმა სამთვიანი პროგრამით სამუშაოდ წასვლა მოითხოვეს. მესმის, რომ 36 000-ია, სამი თვით მუშაობის სურვილი გამოთქვეს და უკან უნდა დაბრუნდნენ გარკვეული გამოცდილებითა და ანაზღაურებით. მილიონი ადამიანი რომ გადიოდა და არალეგალურად მუშაობდნენ და დაზღვევა არ ქონდათ და ამაში არავის დაგინახავთ ტრაგედია და ახლა, როცა სამთვიანი პროგრამით გარკვეული ცოდნით ხალხი უკან უნდა დაბრუნდეს, ამაში ტრაგედიას რატომ ხედავთ?", - აცხადებს ზავრადაშვილი.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში 35 121 პირი დარეგისტრირდა გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველად.
იხილეთ ასევე: გერმანიაში დასაქმების უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის – პასუხი ყველა კითხვაზე


