გერმანიაში დასაქმების უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის – პასუხი ყველა კითხვაზე

15-02-2021 09:55:17 ინტერვიუ

11 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ორ სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებით დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ირკვევა, რომ საუბარია სეზონურ, მაქსიმუმ, სამი თვის ვადით სამუშაოზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან იწყება, მანამდე – 15 თებერვლიდან კი სამუშაოს მაძიებლები სპეციალურ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.

დასაქმების მაძიებლები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

აღნიშნულ შესაძლებლობას საქართველოში მაღალი ინტერესი მოჰყვა და „აქცენტი“ შეეცადა, ყველა დასმულ კითხვას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ნინო ველთაურის დახმარებით უპასუხოს.

რეგისტრაცია

ნინო ველთაურის ცნობით, სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია ვებ–გვერდზე – workabroad.moh.gov.ge 15 თებერვლიდან დაიწყება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გაჩნდება სპეციალური ბანერი – „დროებითი დასაქმება საზღვარგარეთ“ და მისი მეშვეობით დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო პორტალზე გადავა.

რეგისტრაცია მიმდინარეობს სტანდარტულად, პირადი ინფორმაციის შევსებით: საკონტაქტო მონაცემები, ასაკი, სქესი, საცხოვრებელი მისამართი და რეგიონი.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც მომავალში დამსაქმებელსაც დასჭირდება ხელშეკრულების გასაფორმებლად. რეგისტრაციის დროს პირი კიდევ ერთხელ იღებს მოკლე ინფორმაციას, რა წინაპირობები არის გერმანიაში დასაქმების და ვეკითხებით, ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა მათ. მაგალითად, პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, 18–და 60 წლამდე, არ უნდა იყოს ნასამართლევი, სასურველია ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, საჭიროა უცხო ენის საბაზისო ცოდნა. დამსაქმებლები თანახმანი არიან, საქართველოდან გამგზავრებული დასაქმებულთა ჯგუფში იყოს ენის მცოდნე ერთი პირი, რომელიც დასაქმებულებს დამსაქმებელთან კომუნიკაციაში დაეხმარება. ჯამში კრიტერიუმები მკაცრი არ არის“,– ამბობს ნინო ველთაური.

მისივე ცნობით, უშუალოდ რეგისტრაციის ვადა შეუზღუდავია, ვინაიდან დასაქმების სქემა ერთჯერადი არ არის:

„გერმანიასა და საქართველოს დასაქმების სააგენტოებს შორის გაფორმებული შეთანხმება მრავალწლიან ურთიერთობას ითვალისწინებს. საქმე ეხება სეზონურ სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სფეროში“.

რა ხდება რეგისტრაციის შემდეგ

როგორც ნინო ველთაური ამბობს, რეგისტრაციის მიმდინარეობის პარალელურად დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები შევსებული განაცხადების ეტაპობრივად დამუშავებას შეუდგებიან. რეგისტრაციის შემდეგ სამუშაოს მაძიებელს უნიკალური კოდი მიენიჭება:

„განაცხადების დამუშავების შემდეგ რეგისტრირებულ აპლიკანტებს, რომლებიც პირველად მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, გასაუბრებაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სერვის–ცენტრებში დავიბარებთ. გასაუბრებისას კიდევ ერთხელ მოხდება ინდივიდუალური სახის კონსულტირება, თუ რას ნიშნავს გერმანიაში ეს დროებითი შრომითი მიგრაცია, რომ ეს არ არის მიგრაცია, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს დროებითი ხასიათი და თუ ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების აღებული შრომითი ურთიერთობები წელს პირნათლად შესრულდება, მომავალ წელს კიდევ უფრო გამარტივდება დროებითი დასაქმების სქემაში იმ ადამიანების ჩართვა, ვინც განმეორებით (ხელახალ) დასაქმების სურვილს გამოხატავს. როგორც გერმანული მხარე აღნიშნავს, სრულიად შესაძლებელია, მომავალ წელს დამსაქმებლებმა სახელობითად მოითხოვონ მოქალაქეები, რომელთაც ექნებათ დასაქმების წარმატებული გამოცდილება. შესაძლოა, პირდაპირი კომუნიკაციაც დამყარდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უკვე ჩვენს მიღმა.

სამუშაოს მაძიებლებს გავაცნობთ კონკრეტული ვაკანსიის პირობებს. ვფიქრობთ, რომ ადამიანებს ხშირი მიმოსვლა რომ არ მოუწიოთ, უშუალოდ ვაკანსიების შემოსვლის შემდეგ დავუკავშირდეთ. ამ დროისთვის ვაკანსიები შემოსული არ არის, მაგრამ ველით, რომ შემოსვლის პროცესი ახლო მომავალში დაიწყება“.

ნინო ველთაური გვეუბნება, რომ სამუშაოს მაძიებელს ექნება შესაძლებლობა, ვაკანსიებიდან თავად აარჩიოს სამუშაო ადგილი და კონკრეტულ ვაკანსიაზე თანხმობის შემდეგ შეავსებს სპეციალურ სააპლიკაციო ფორმას, რომელსაც ქართულ მხარეს გერმანიის დასაქმების სააგენტო აწვდის:

„ამის შემდეგ უკვე გერმანიაში დამსაქმებელი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მისთვის შეთავაზებული კანდიდატებიდან რომელს დაასაქმებს“.

კონტრაქტი

ნინო ველთაურის ინფორმაციით, დამსაქმებელი კანდიდატების შერჩევის შემდეგ საქართველოში აგზავნის ხელშეკრულებებს, რომელთაც უკვე ქართული მხარე დეტალურად გააცნობს სამუშაოს მაძიებელს:

„სამუშაოს მაძიებელს მოვთხოვთ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას; ცნობას, ნასამართლეობის არქონის შესახებ, ვაცნობთ კონტრაქტის ყველა დეტალს და თანხმობის შემთხვევაში, მათთან საქართველოშივე ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ეს აუცილებლად ინფორმირებული თანხმობა იქნება. შრომით ხელშეკრულებაში გაწერილი იქნება ყველა პირობა: შრომის ანაზღაურება, შრომითი პირობები“.

ხარჯი

როგორც ნინო ველთაური განმარტავს, სამუშაოს მაძიებელს დასჭირდება შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პასპორტი;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • ნასამართლეობის შესახებ ცნობა;
  • უშუალოდ დასაქმებული ფარავს მგზავრობის – როგორც გამგზავრების, ისე უკან დაბრუნების ხარჯს;
  • გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს კორონავირუსზე PCR –ტესტი.

მას გერმანიაში, აეროპორტში ხვდება დამსაქმებლის წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულის სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირებას:

„ვიცით, რომ მინიმალური ხელფასია 9.5 ევრო საათში. აქედან 5% არის საშემოსავლო გადასახადი (ეს სპეციალურად დაბალი განაკვეთია სეზონური მუშაკებისთვის). დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს ორგანიზებული საცხოვრებელი პირობები დაახვედროს სამუშაო ადგილთან ახლოს, რათა ტრანსპორტირება არ იყოს საჭირო – ეს თავად დასაქმებულის ინტერესშიცაა, თუმცა ქირის საფასურს დასაქმებული იხდის (რომელიც საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია) და თავადვე უზრუნველყოფს კვებას. იქნება სამზარეულო კუთხე, სადაც დასაქმებულები საკვების მომზადებას შეძლებენ. შესაძლოა, ადგილზე კვების ორგანიზება დამსაქმებელმა გასწიოს, მაგრამ ხარჯებს ამ შემთხვევაშიც დასაქმებული ფარავს. თუმცა მითითებაა, რომ ეს აუცილებლად შეღავათიანი ფასები იქნება და არა საბაზრო. ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს კი სრულად დამსაქმებელი ფარავს“.

ამასთან, როგორც ნინო ველთაური განმარტავს, გერმანიაში საქართველოდან სქემის ფარგლებში გამგზავრებული დასაქმებული კარანტინს არ დაექვემდებარება:

„კოვიდ–ინფექციის გავრცელების პრევენციული ღონისძიებაა, რომ საქართველოდან გამგზავრებული ჯგუფი პირველი ათი დღის განმავლობაში სხვა ჯგუფებისგან განცალკევებულად იმუშავებს. ისინი არ გადიან კარანტინს და ასე ვთქვათ, არ კარგავენ არც ერთ დღეს“.

სამუშაოს ხანგრძლივობა

ნინო ველთაური გვეუბნება, რომ გამგზავრება ხდება ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში და საუბარია ერთიდან სამ თვემდე ვადით სამუშაოზე, თუმცა არის მოლოდინი, რომ საქართველო სამთვიან ვაკანსიებს მიიღებს:

„ბუნებრივია, საქართველოდან გამგზავრება უფრო ხარჯიანია, ვიდრე მეზობელი ქვეყნიდან გადასვლა გერმანიაში, აქედან გამომდინარე თავის დროზეც შედგა კომუნიკაცია და გვაქვს მოლოდინი 3–თვიანი შემოთავაზებების. იქნება კვირაში მინიმუმ 40–საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5–6 დღე და კვირაში მინიმუმ, ერთი დღე აუცილებლად იქნება დასვენებისთვის გამოყოფილი. სტანდარტული სამუშაო საათები დღის განმავლობაში 8 საათია, ხოლო შეთანხმებით, შესაძლოა, იყოს 10 საათიც. ანაზღაურება კი საათობრივია“.

ვის უნდა მიმართონ დასაქმებულებმა უფლებების დარღვევის შემთხვევაში

„დროებითი დასაქმების სქემის უზრუნველყოფის მეორე მხარეს გერმანიის დასაქმების სააგენტო დგას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სახელშეკრულებო პირობები შესრულდეს. თუმცა, აუცილებლად მივაწვდით დასაქმებულებს ინფორმაციას, ვის და როგორ უნდა მიმართონ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავად სქემა იმით არის დღეს არსებული შრომითი მიგრაციული პროცესების კარგი ალტერნატივა, რომ ეს დაცული სამუშაო ადგილია დაცული შრომითი უფლებებით“,– განმარტავს ნინო ველთაური.

გარანტირებულად შეძლებს თუ არა მოქალაქე საზღვრის კვეთას გართულებული გადაადგილების პირობებში

როგორც ნინო ველთაური ამბობს, დასაქმების სქემაში ჩართვის შემდეგ მოქალაქეს საზღვრების კვეთის თვალსაზრისით პრობლემები არ შეექმნება:

„ეს არის ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული დროებითი ლეგალური დასაქმების სქემა. ორივე სახელმწიფოს მხრიდან არის აბსოლუტური მზაობა და მობილიზება, რომ ამ სქემამ იმუშაოს. ერთ–ერთი პირობაა, რომ სამუშაოს მაძიებელთან მიმართებაში არ უნდა არსებობდეს ისეთი გარემოება, რომელიც შენგენის ზონაში მის შესვლას დაბრკოლებას შეუქმნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს მაძიებელი დეპორტირებული არ უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დარღვევა. მსგავს დეტალებს გერმანული მხარე ამოწმებს“.

როგორც ნინო ველთაური ამბობს, აპლიკანტებთან გასაუბრებისას და წინასაორიენტაციო ტრენინგზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება დასაქმების სქემით ბოროტად სარგებლობის მცდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების შესახებ ინფორმირებას:

„ჩვენ მათ გავაცნობთ ქვეყანას, სადაც მიემგზავრებიან – ამ შემთხვევაში გერმანიას, როგორი ურთიერთობებია, რა კულტურული თავისებურებებია, დასაქმების სქემის სიკეთეებს, რათა მათ გაცნობიერებული ნაბიჯები გადადგან. მინიმუმამდე უნდა შევამციროთ ამ სქემით ბოროტად სარგებლობის რისკი. წინასაორიენტაციო ტრენინგსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებზე ამ საკითხზე გამახვილდება ყურადღება: ეს არის რისკი, რომელიც აუცილებლად ნეგატიურად დასრულდება და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული: ვიცით ამ ადამიანის მონაცემები, ადვილი იქნება მათი მოძიება, რაზეც გერმანული მხარე, შრომის ფედერალური სააგენტო იზრუნებს და განხორციელდება დეპორტირება. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ეს პირები ამ სქემაში ვეღარასდროს ჩაერთვებიან, შესაბამისად, ვეღარ ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რისი შესაძლებლობაც აქვთ. ეს რისკები გერმანული მხარის მიერაც არის აწონილი და ბუნებრივია, მობილიზებულნი არიან, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება. რისკები ჩვენი მხრიდანაც არის იდენტიფიცირებული და გვინდა, რომ კონსულტირების დროს ამ საკითხზე აქტიურად ვისაუბროთ“.

რამდენი ქვოტაა საქართველოს მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული

„კონკრეტული რაოდენობა არ არის განსაზღვრული. მოგეხსენებათ, გერმანიას ძალიან მაღალი მოთხოვნა აქვს მუშა ხელზე. გერმანული მხარისთვისაც ეს საპილოტე წელია: 70–იანი წლების შემდეგ მათ მსგავსი კოორდინირებული შრომითი მიგრაციული სქემები არ განუხორციელებიათ. ამიტომ, ამ ეტაპზე კონკრეტულ ციფრებს თავადაც ვერ გვეუბნებიან. როდესაც გარკვეული დრო გავა, გარკვეული დინამიკაც გამოიკვეთება და ამის შემდეგ უფრო მარტივი იქნება პროგნოზებიც გაკეთებაც“,– გვეუბნება ნინო ველთაური და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ქართული მხარე გერმანიის ორ რეგიონთან – ბრანდერბურგსა და ბადენ–ვიუტენბერგთან მუშაობს.

სხვა სექტორებსაც შეეხება თუ არა დასაქმების სქემა

„მინისტრმა [ეკატერინე ტიკარაძე – რედ.] აღნიშნა, რომ არის ჩანაფიქრი, სფეროები გაფართოვდეს. მეტს ვერ გეტყვით. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დროებითი დასაქმების იმ სქემაზე, რომელზეც ვმუშაობთ. წარმატებული სქემას კი პერსპექტივები მოჰყვება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სქემა წარმატებული იქნება, რადგან მას ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეების მოტანა ნამდვილად შეუძლია“,– დასძინა ნინო ველთაურმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები