კალაძე – მოქალაქეებს: "თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან"
17/02/2021 07:36:02 საზოგადოება
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მიმართა, თუ ავტომობილებზე ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„დედაქალაქში გათოვდა. შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული „თბილსერვისის“ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა გზებზე და გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან უკვე შიდა საუბნო გზების გაწმენდაში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. პირველ რიგში ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას უნდა გავუფრთხილდეთ. სამუშაოებს რაც შეეხება, ის დღის განმავლობაშიც გაგრძელდება“,-განაცხადა კალაძემ.


