ცერცვაძე საქართველოში ყველაზე ხშირ პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს
16/02/2021 16:42:20 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს და რამდენიმე ჯგუფს გამოჰყოფს:
- საერთო სისუსტე, დაღლილობა (პირველი ჯგუფი);
- სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები – სუნთქვის გაძნელება, გახშირება (მეორე ჯგუფი);
- ნევროლოგიური პრობლემები, როგორიც არის მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, შფოთი, უძილობა, თავის ტკივილი (მესამე ჯგუფი);
- გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან ჩივილები. მაგალითად, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, რიტმის დარღვევა, ექსტრასისტოლები (მეოთხე ჯგუფი).
პირველი არხის ცნობით, ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტების მიმართვიანობა მაღალია:
„ძალიან ბევრს აღენიშნება გარკვეული ჩივილები და სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ. ზოგს აღენიშნება კოვიდის გადატანისთანავე, ანუ უგრძელდება კოვიდისგან განკურნების შემდეგ, ზოგთან სინდრომები ვითარდება დაახლოებით, ერთი ორი თვის შემდეგ“.
მისი თქმით, ჯანდაცვა სერიოზული კვლევებისთვის ემზადება:
„ვემზადებით ძალიან სერიოზული კვლევის ჩასატარებლად, რომელიც დაიწყება დაახლოებით მარტიდან. მეორე – ვემზადებით უკვე ამ პაციენტების სისტემური მომსახურებისთვის, რამეთუ კვლევაში მოხვდება სულ დაახლოებით 400 ადამიანი. კვლევის მიზანია, შევისწავლოთ და დავდოთ პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებანი, რათა შემდეგ ეს ქვეყნის ჯანდაცვამ პრაქტიკაში გამოიყენოს. მეორე მიმართულება არის ასეთი პაციენტების მომსახურების სერვისების მიწოდების სისტემის შექმნა. სხვანაირად რომ ვთქვათ, პროგრამა პოსტკოვიდური ავადმყოფებისათვის, რომლით სარგებლობაც შეეძლება ყველა პაციენტს. თუ კვლევაში ჩართული იქნება 400 პაციენტი, პოსტკოვიდური სინდრომის პროგრამით სარგებლობა შეეძლება ყველა პაციენტს, ესეც დაახლოებით მარტში ამოქმედდება“.


