თბილისში საპროტესტო აქცია "ოცნების" ოფისთანაც იმართება
16/02/2021 08:37:59 საზოგადოება
თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთანაც იმართება.
აქციას "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ. დემონსტრანტებმა "ოცნების" ოფისის წინ გააკეთეს წარწერა "სისტემა ყარს". ისინი ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ აქტივიტებისა და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს დილიდან მიმდინარეობს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა მისცა. ამჟამად საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
სხდომაზე არ დაუშვეს მელიას ადვოკატები. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.
ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.


