"ვმუშაობთ ახალ რეგულაციებზე. თუ არაფერი გაუარესდა, შეგვიძლია, მარტიდან ვისაუბროთ დამატებით გახსნებზე"
15/02/2021 19:18:48 საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ახალი რეგულაციების დაწესებაზე უკვე მუშაობს. რაც შეეხება უკვე არსებული შეზღუდვების მოხსნას, მისი თქმით, აღნიშნული მოსალოდნელი მარტამდე აღარ იქნება.
"თუ ჩვენ გვინდა, რომ ასევე გაგრძელდეს და ორი კვირის თავზე, სამი კვირის თავზე, მარტში შევძლოთ, რომ კიდევ დანარჩენი ნაბიჯები გადავდგათ, კიდევ გვრჩება ჩვენ გასახსნელი აქტივობები, ყველამ უნდა დავიცვათ აუცილებლად რეგულაციები - პირველ რიგში, პირბადე, არ მოვდუნდეთ. პირბადე - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონტროლისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ნორმალური ეპიდვითარება და სხვა დაწესებული რეგულაციებიც, მათ შორის, ახალი რეგულაციებიც იქნება, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ", – განაცხადა თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, როდიდან უნდა ელოდოს მოსახლეობა დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქებას. მინისტრმა შემდეგი განაცხადა:
"შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა. რას ნიშნავს ეს – ჩვენ პრაქტიკულად, წინა სამი კვირის განმავლობაში, თითო კვირაში თითო ან ორი დიდი აქტივობა გავხსენით. ახლა ჩვენ დაახლოებით, ერთი ან ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ეპიდემიოლოგების არგუმენტირებული პოზიცია, ვინაიდან ვირუსს მოქმედების ციკლი და ინკუბაციის პერიოდი აქვს. დაახლოებით, ორი კვირა გვჭირდება, რომ დავინახოთ ვითარება. თებერვლის ბოლოსკენ გვეცოდინება. ასეც გვქონდა ჩვენ ნათქვამი, თებერვალში იქნება ეს დიდი ბლოკი [გახსნების] და შემდეგ უკვე პირველი მარტიდან, თუ არაფერი გაუარესდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ დამატებით გახსნებზე,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სხვადასხვა სფეროსთვის სუბსიდირება კვლავ იგეგმება.
ცნობისთვის: დღეიდან სწავლას საკლასო ოთახში განახლდა; სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. ამასთან, კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუინდება შაბათ-კვირას.
აღსანიშნავია, რომ ჯერ–ჯერობით არ იგეგმება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა; არ გაიხსნება საჯარო და კერძო ბაღები. კვლავ უცნობია, როდის განახლდება სწავლა უნივერსიტეტებში. ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები არ შემსუბუქდება; კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 5:00 საათამდე და ყველა შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირას.


