„ახალი სვლები არ აქვთ და „წრეზე“ ტრიალებენ“

15-02-2021 18:05:04 კომენტარი

„ქართული ოცნება“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ემზადება, რაც ხელს უხსნის პროკურატურას მისი დაკავებისკენ, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს აღკვეთის ღონისძიების დამძიმების თაობაზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობას დააკმაყოფლებს. თავად მელია დარწმუნებულია, რომ მას „ვერ დააკავებენ“, ოპოზიცია კი აცხადებენ, რომ მსგავსი აქტი ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება მორალურად და ფიზიკურად აც. როგორც დღევანდელი ოპოზიციური შეკრებიდან გაირკვა, ოპოზიციას მელიას დაკავების შემთხვევაში კონკრეტული გეგმა შემუშავებული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ პროცესს მშვიდად არ შეხვდება და ფიზიკური წინააღმდეგობაც განიხილება.

"თუ ხელისუფლება გავიდა რაციონალიზმის საზღვრებიდან და მიიღო ნიკა მელიას დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება, მისი პოზიცია საზოგადოებამ იცის და ოპოზიციის პოზიციაც ასეთია: ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის „ხარკის“ გადახდას: თუ ხელისუფლება გამოიყენეს ძალას, მას მოუწევს ფიზიკურად ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება. ასევე იცოდეს ხელისუფლებამ რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი უგულავამ და დასძინა, "მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს და დავარტყამ".

ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემაც:

„მე პირადად ვაპირებ, არ გავატანო ნიკა მელია!“.

მელიასთვის იმუნიტეტის შესაძლო მოხსნას იწონებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტსაც მოჰყვა ქვეყანაში მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი, შემდეგ კი მომიტინგეთა დარბევა, რომელიც „გავრილოვის ღამითაა“ ცნობილი და მოვლენები მან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას კიდევ ერთხელ შეაფასა.

„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში არ იყოს სახელმწიფო გადატრიალება, ამბოხი და დიქტატურა. ეს თავიანთი ხალხის ინტერესებზეა დამყარებული და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციის და გადატრაილებაში მონაწილეების ერთ–ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა მის შესაძლო ეკნომიკურ და კულტურულ პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია მის მეგობრებთან. ის ტყუილები, რომელიც მაშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით იღვრება მელიასგან, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯის შელახვას მეზობლების თვალში“,– ამბობს გავრილოვი „ტვ პირველთან“.

"ეს პირდაპირი დირექტივაა საქართველოს ხელისუფლებისთვის რეპრესიების გასაგრძელებლად",– უპასუხა მელიამ გავრილოვს.

თავად ოპოზიციამ პოლიტიკურად აქტიური გაზაფხული დააანონსა: 25 თებერვალსა და 31 მარტს საპროტესტო მსვლელობები შედგება, შუალედში კი ოპოზიციონერი ლიდერები რეგიონებში, მათ შორის აჭარაში გეგმავენ გასვლას და ადგილზე მიმდინარე პროტესტის მხარდაჭერას.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ ელის, ერთ–ერთი ოპოზიციონერი თემა საზოგადოებრივ განწყობებში კარდინალურ ცვლილებებს შეიტანს, თუმცა რისკებს ორივე მიმართულებით ხედავს, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების.

ამასთან, როგორც პოლიტოლოგი „აქცენტთან“ ამბობს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის რესურსი ამოწურულია, რადგან ორივე მხარე საწყის პოზიციებს არ თმობს, ამდენად, ის არც ამ მიმართულებით ელის ცვლილებებს.

„გასაგებია, რომ ოპოზიცა ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის გამოიყენებს, სხვა საკითხია, რამდენად შეძლებენ ორგანიზებას. ამასთან, შეეცდებიან, დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში გამოიყენონ, როგორც პოლიტიკური დევნის ფაქტი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, ფაქტობრივად, მთელი ხელისუფლება გამოიწვია და ის იძულებულია, რაღაც ნაბიჯებზე წავიდეს. არსებობს ვარიანტი, რომ ჩააგდონ კენჭისყრა სხვადასხვა საბაბით და პოლიტიკური მსვლელობა მისცენ თემას. ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვფიქრობ, რომ თემამ საზოგადოებრივ განწყობებში მნიშვნელოვანი გადაჯგუფება გამოიწვიოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მელიას დააპატიმრებენ და მასობრივი აქციები არ იქნება და როგორც ჩანს, არ იქნება (ვგულისხმობ პერმანენტულ აქციებს), ეს ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის კიდევ უფრო დიდ გულგატეხილობას გამოიწვეს. ამდენად, ორივე მხარეს საკმაოდ რისკიანი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, მოუწიოს“.

პოლიტოლოგის შეფასებით, „ახალი სვლები“ არც ერთ მხარეს აქვს რეზერვში, ამიტომ, პროცესი „წრეზე ტრიალებს“, რაც სრულიად სხვა გამოწვევების მქონე საზოგადოების მოთხოვნებს აბსოლუტურად არ პასუხობს:

„თემა ორივე მხარემ მხოლოდ პიარის თვალსაზრისით შეიძლება, გამოიყენოს, ისიც დასავლეთთან ურთიერთობაში და არა შიდა მოხმარებისთვის. მათ ახალი სვლები არ აქვთ, „წრეზე ტრიალებენ“ და რამდენ ხანს იტრიალებენ, ვერ გეტყვით. თუ ხელისუფლება არ მოუხსნის მელიას უფლებამოსილებას, დასავლეთთან დაიწყებს ამ თემაზე აპელირებას და პირიქით. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ძირითადად იმაზე მუშაობს, როგორ იქნება დასავლეთში მათი ქმედებები აღქმული, მოქალაქეებს კი სხვა გამოწვევები აქვთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები