
კიდევ რომელი ქვეყნისთვის გახდა რუსეთი ნომერ პირველი საფრთხე
15/02/2021 11:59:18 პოლიტიკა
რუსეთი კიდევ ერთი ქვეყნის დაზვერვის ანგარიშის მთავარი „გმირი“ გახდა. რუმინეთის, ესტონეთის, ლიეტუვასა და ბრიტანეთის შემდეგ, ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახური (BIS) რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ალაპარაკდა.
ჩეხეთის დაზვერვის სამსახურმა დაასკვნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის საიდუმლო სამსახურები ჩეხეთის ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ – „რუსეთი თავისი მოწინააღმდეგეების დესტაბილიზაციას ცდილობს მაშინ, როდესაც ჩინეთი, საკუთარი ინტერესების ლეგიტიმაციის მიზნით, თანამოაზრე ქვეყნების გაერთიანებაზეა ორიენტირებული.“
ყოველწლიურ შემაჯამებელ ანგარიშში ყველაზე საინტერესო ის ნაწილია, სადაც რუსეთის მიერ ტრადიციულ მეთოდებთან ერთად შედარებით ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებას განიხილავენ. ჩეხეთის დაზვერვა ძალიან კარგად ხსნის რუსული გავლენის ოპერაციების მექანიზმსა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს. მიზნის მისაღწევად მოსკოვი ხშირად ე.წ. არასახელმწიფო აქტორებს იყენებს, დავალებებს მათ დაზვერვის სამსახურები აძლევენ, მაგრამ ფაქტის გამოაშკარავების შემთხვევაში ოფიციალურად კავშირს უარყოფენ.
უფრო ნათელი რომ გახდეს, რაზეა საუბარი, კრემლის კერძო სამხედრო კონტრაქტორი ფირმა „ვაგნერი“ გავიხსენოთ, რომელიც სირიასა და ლიბიაში იბრძვის. პუტინი მებრძოლებთან კავშირს ყოველთვის უარყოფს, ტექნიკურად „ვაგნერი“ ნამდვილად არ წარმოადგენს რუსეთის სამხედრო დანაყოფს. თუმცა, ზღვა ინფორმაციის წყალობით ყველამ იცის, რომ ჯგუფის ლიდერი დიმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. ჯგუფის წევრები წვრთნებს მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე ატარებენ. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც. უტკინი მჭიდრო კავშირშია “პუტინის მზარეულთან” ევგენი პრიგოჟინთან, რუს ოლიგარქთან, რომელიც „ვაგნერის“ მთავარი დამფუძნებელია.
ჩეხეთის დაზვერვის ანგარიში კიბერშეტევებსაც განიხილავს და არავის გაგვიკვირდება ის ფაქტი, რომ რუსეთი ამ ნაწილშიც მოწინავე პოზიციებზეა. მეტი სიცხადისთვის გავიხსენოთ გასულ წელს ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სამსახურების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტი. სიაში რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები: ალექსეი მინინი, ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი და ოლეგ სოტნიკოვი მოხვდნენ. საინტერესოა, რომ ისინი ნიდერლანდებში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმის ორგანიზებას ცდილობდნენ. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამოძიებაში იყო ჩართული.
რუსული დაზვერვა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი კიბერშეტევის, NotPetya-ს უკანაც იდგა. ამ „მავნე“ პროგრამის მთავარი სამიზნე დიდი კომპანიები იყვნენ. მიიჩნევა, რომ NotPetya-ს მიერ გამოწვეულმა ზარალმა 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინა იყო, სადაც ჩერნობილის ატომური სადგურის მონიტორინგის სისტემა გაითიშა, ასევე, შეფერხდა ბანკებისა და მეტროპოლიტენის ნორმალური ფუნქციონირებაც.
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოს, საკრებულოების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციის ვებგვერდებზე, სერვერებსა და კომპიუტერულ მართვით სისტემებზე ჰაკერულმა ჯგუფმა, Fancy Bear-მა თავდასხმა განახორციელა. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ ოპერაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.
2020 წლის ივლისში კი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელშეწყობით მოქმედი ჰაკერული ჯგუფები მსოფლიოში არსებული ინსტიტუტებიდან და აკადემიური დაწესებულებებიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევების შესახებ მონაცემებს იპარავენ.
კიბერთავდასხმების გარდა, ჩეხეთის დაზვერვა რუსი აგენტების დიპლომატიურ საფარზეც ამახვილებს ყურადღებას და ამტკიცებს, რომ ჯაშუშები შესანიღბად ხშირად საელჩოებს იყენებენ. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაზვერვის სამსახურთან კოორდინაციით ჩეხეთში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობაზე კრემლის სასარგებლოდ გავლენის მოხდენას ცდილობდა.
საინტერესოა, რომ რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეები ჩეხეთის დაზვერვის რადარზე შარშანაც მოხვდა. უწყება აღნიშნავდა, რომ აგრესორი ქვეყნები ჩეხეთის სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტებისა და საერთაშორისო უსაფრთოხების კონტექსტში სახელმწიფოს ოფიციალურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით მრავალმხრივ მეთოდებს იყენებდნენ.
როგორც დასაწყისშივე ვახსენეთ, ჩეხეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც პუტინის რუსეთსა და მის დაზვერვის ქსელს ქვეყნის ინტერესების მთავარ ან მნიშვნელოვან საფრთხედ განსაზღვრავს. რუმინეთის 2020-2024 წლების ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ მოსკოვს „აგრესორად“ მოიხსენიებს. ამ ამბავში კი განსაკუთრებული ის არის, რომ ოფიციალურად რუსეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დასახელდა საფრთხედ რუმინეთის უსაფრთხოებისთვის. ესტონეთის 2020 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი კი ქვეყნის სუვერენიტეტის ერთადერთ ეგზისტენციალურ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აქტივობებს ასახელებს.
ლევან დარახველიძე