პრორუსული არასამთავრობოები გახარიას საქართველოში Sputnik V-ს შემოტანას სთხოვენ
15/02/2021 11:35:45 საზოგადოება
პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ, საქართველოში შემოიტანოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V.
მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციების თქმით, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს "კოვაქსის" პლატფორმასთან, რომელზე განთავსებული ვაქცინების „გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე, უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ. არ არის ცნობილი“.
„სამწუხაროდ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების სურვილებს შეიძინონ ალტერნატიული რუსული ვაქცინა "SputnikV", რაც, სამწუხაროდ, აძლევს ამ თემას პოლიტიკურ ელფერს“,- ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად „რუსული კორონავირუსის საწინააღმდეგო "Sputnik V" ვაქცინას, თავისი უპირატესობების გამო, შეუძლია მსოფლიო წარმატების მიღწევა. ბრიტანეთის სამეცნიერო ჟურნალში "The Lancet" გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომელიც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინად თვლის, და მსგავს დონის ცნობილ Pfizer-BioNTech და Moderna ვაქცინებთან, მას ერთ რიგში აყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“; . ევრო-აზიური "ალიანსი"; „საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა ეროვნული კონგრესი“ „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“; საქველმოქმედო ფონდი „წყარო“.
Sputnik V-მ რუსეთში 11 აგვისტოს გაიარა რეგისტრაცია და გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რეგისტრირებული ვაქცინა მსოფლიოში. მაგრამ Sputnik V-ის რეგისტრაცია მოხდა მისი შემოწმების პროცესის დასრულებამდე, რამაც ექსპერტთა და მეცნიერთა თანამეგობრობაში ეჭვები გააჩინა მისი ეფექტიანობის თაობაზე.
2 თებერვალს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა Sputnik V-ის გამოცდის მესამე სტადიის შუალედური შედეგები. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პრეპარატის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა.


