დალუქვის მიუხედავად, ბარი "ჯაფარასთან" დღეს ისევ გაიხსნება
15/02/2021 10:09:00 საზოგადოება
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ანა ყურაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად დალუქვისა დღეს, 19:00 საათზე ბარი "ჯაფარასთან" ისევ გაიხსნება.
"10-15 წუთის განმავლობაში შორი პერიმეტრიდან გვაკვირდებოდნენ. ჩემი ორი მეგობარი დარჩა შიგნით, რომელსაც რა წარუდგინეს ინფორმაცია არ გვაქვს. შემდეგ, გამთენიისას ესენი გამოიყვანეს და დალუქეს. სიგიჟე მგონია ადამიანებს შუა თებერვალში, ყინვაში, უტანსაცმლოდ და პირადი ნივთების გარეშე ტოვებდე. დღეს ვაპირებთ, რომ ისევ გავიხსნათ 19:00 საათზე, ჯაფარა მოხსნის ლუქს", - აცხადებს ანა ყურაშვილი.
ცნობისთვის: "ბარი - ჯაფარასთან" 13 თებერვალს დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა. ჯაფარიძის თქმით, ამ ფორმით ის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ჯაფარიძე აცხადებდა, რომ დალუქვის შემთხვევაში, იგი ბარს მაინც გახსნიდა და ბარი საქმიანობას იქამდე გააგრძელებდა, სანამ არ დააკავებდნენ.
ბარის გახსნიდან რამდენიმე საათში ადგილზე შრომის ინსპექცია და პატრულიც იყო მისული. მათ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ჯაფარიძის თქმით, იგი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ორი დღის წინ ჯაფარიძემ ბარი გახსნა, ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.


