"სკოლებში გატარებული ღონისძიებები არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციის პირობებს"
15/02/2021 08:15:50 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესის კლასებში დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.
"არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე. განათლების სამინისტროს განცხადების თანახმად, 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. ასევე, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება საკმარისად, რადგან საქსტატის მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, დიდკონტიგენტიანი სკოლების შემთხვევაში დისტანციის დაცვის და ნაკადების მართვის მონიტორინგის საკითხი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლების შეზღუდული რესურსების პირობებში.
როგორც ლომჯარია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნულის მიხედვით დაიგეგმოს სასწავლო პროცესი.
ცნობისთვის: 15 თებერვლიდან მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებენ; სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.


