
ჰააგას ახალი პროკურორი ეყოლება: რას ნიშნავს ეს რუსეთისა და საქართველოსთვის?
14/02/2021 08:50:52 სამართალი
წარმოშობით გამბიელმა ფატუ ბენსუდამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 9 წელი დაჰყო. 2021 წლის ზაფხულში მან სავარძელი მემკვიდრეს უნდა დაუთმოს, რომლის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, მომავალ მთავარ პროკურორს ჰააგაში უკვე ელის ბენსუდას მიერ “გაშლილი სუფრა”, რომელზეც უამრავი დანა და სხვა მახვილი საგანია, - თვლის ტორონტოს უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი მარკ კერსტენი.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი მბრალდებელი – ეს არის კაპიტანი, რომელიც მთელს გემს მართავს და წყვეტს, რომელი სამხედრო და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები იქცევა სასამართლოს განხილვის საგნად", - განმარტავს კერსტენი.
ამ თვალსაზრისით ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურას შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს რუსეთისთვის. უკვე დღეს ჰააგის პროკურორი იძიებს სამხედრო დანაშაულებს, რომლებიც რუსეთს შესაძლოა, საქართველოსთან 2008 წლის ომის დროს ჰქონდეს ჩადენილი. 2020 წლის დეკემბერში კი ფატუ ბენსუდამ განაცხადა უკრაინის 2014 წლის სამხედრო მოვლენების წინასწარი შესწავლის პროცესის დასრულებისა და იმის თაობაზე, რომ სასამართლო გეგმავს, წარმოებაში მიიღოს საქმეები, რომლებიც შესაძლოა, აღიძრას ამ რეგიონში გაჩაღებულ სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს რუსეთმა უარი განაცხადა მონაწილეობაზე რომის სტატუტში, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოქმედების საფუძველს წარმოადგენს. პრეზიდენტ პუტინის შესაბამისი განკარგულება მეორე დღესვე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ჰააგამ ყირიმის ანექსია რუსეთსა და უკრაინას შორის საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს გაუთანაბრა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს, სასამართლოს მიერ მოსკოვის მიმართ ბრალდებების გამოძიება კიდევ ერთხელ მიიზიდავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მიმართ.
საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ
თბილისმა ჰააგას რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით 2008 წელს მიმართა. 2016 წლის იანვარში ფატუ ბენსუდას მიმართვის საფუძველზე წინასწარი წარმოების პალატამ თანხმობა განაცხადა, სასამართლოს დაეწყო სამხედრო და ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა, ჩადენილი ყოფილიყო ქართული, ოსური და რუსული მხარეების მიერ საბრძოლო მოქმედებებამდე, მათი მიმდინარეობისას და შემდგომ, 2008 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში.
საქართველოს უკვე მოგებული აქვს რუსეთის წინააღმდეგ ერთი საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. 2014 წლის 3 ივლისს სასამართლომ მოსკოვი დამნაშავედ სცნო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რიგი მუხლების დარღვევაში 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის საქმესთან დაკავშირებით.
ამავდროულად, ცხინვალის რეგიონში შესაძლო სამხედრო დანაშაულებისთვის ქართველი სამხედროების გასამართლების იმედი აქვთ. მას შემდეგ, რაც ჰააგამ თანხმობა განაცხადა, გამოეძიებინა 2008 წლის ომთან დაკავშირებული სამხედრო დანაშაულები, ოსური დე ფაქტო პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ტასოევმა განუცხადა ადგილობრივ მედიას, რომ "ჰააგის პროკურატურის მინიმალური ობიექტურობის შემთხვევაშიც კი“ სასამართლო გვერდს ვერ აუვლის "სამხრეთ ოსეთში ქართველი სამხედროების დანაშაულების უამრავ მტკიცებულებას". ტასოევის თქმით, ეს მტკიცებულებები უკვე გადაეცა არა მარტო ჰააგას, არამედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც.
ჰააგის პოლიტიკურად სადავო საქმეები
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის განმავლობაში ფატუ ბენსუდას არაერთგზის დაუმტკიცებია მზაობა, პოლიტიკური თვალსაზრისით რთულ საქმეებს ჩასჭიდებოდა. ეს ეხება არა მარტო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, არამედ, მაგალითად, 2003-2014 წლებში ავღანეთში ამერიკელი სამხედროების შესაძლო დანაშაულებს.
საუბარია, კერძოდ, ავღანეთის ხელისუფლებისა და აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ციხეებში ტყვეების შესაძლო წამებაზე, ასევე მშვიდობიან მოსახლეობასთან თალიბების სავარაუდო მასობრივ ანგარიშსწორებაზე.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში სასამართლომ ამასთან დაკავშირებით სრულმასშტაბიანი გამოძიების ჩატარების სანქცია გასცა, აშშ-ის ხელისუფლებამ ფატუ ბენსუდას ვიზის ანულირება მოახდინა, ასევე მის და ჰააგის სასამართლოს სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა.
თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ვაშინგტონმა ბაიდენის წინამორბედ დონალდ ტრამპის შესაბამისი განკარგულება დროებით დაბლოკა.
ვინ გახდება ახალი მთავარი პროკურორი?
მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სასამართლოს მომავალი მთავარი მბრალდებლის ვინაობა ჯერ უცნობია, უკვე ცნობილია, რომ ის მამაკაცი იქნება. ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციის 123-მა წევრმა რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეათანხმა ფატუ ბენსუდას მემკვიდრის კანდიდატურა, იგი კენჭისყრის შედეგად უნდა განისაზღვროს, ხოლო ქალი კანდიდატები შემაჯამებელ ტურში არ აღმოჩნდნენ.
დამკვირვებლების აზრით, ყველაზე მაღალი შანსები ამ დროისთვის, ირლანდიელ ფერგალ გაინორსა და ბრიტანელ ქარიმ ხანს აქვთ.