მიტროპოლიტ პეტრესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება, სასჯელს შესაძლოა, დეკანოზი ილია ჭიღლაძეც დაექვემდებაროს
12/02/2021 17:44:52 საზოგადოება
მიტროპოლიტ პეტრესთან დაკავშირებით სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეიქმნება.
„ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.
წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას“,– ნათქვამია განჩინებაში.
ინფორმაციისთვის: პეტრე ცაავა შირად აკრიტიკებს საპატრიარქოს პოლიტიკას, მათ შორის პატრიარქს. მან საჯარო კრიტიკა დეკანოზ გიორგი მამალაძის შემდეგ დაიწყო. მწვავე შეფასებების გამო ის ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელის პოზიციიდან გადააყენეს.
ირკვევა, რომ საპატრიარქოში ასევე დაინტერესდნენ დეკანოზ ილია ჭიღლაძითაც, რომელიც ასევე კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევა და შესაძლოა სასჯელს ისიც დაექვემდებაროს:
„წმინდა სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის“.


