
ნავალნი - მოსამართლეს: "ნუ მაწყვეტინებთ და ნუ მემუქრებით გაძევებით! - თუ ასე გააგრძელებთ, აქეთ გაგაძევებთ!"
12/02/2021 09:53:31 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კვლავ მიიყვანეს მოსკოვის ბაბუშკინის რაიონის სასამართლოში, რომელიც "ვეტერანის მიმართ ცილისწამების" საქმეს განიხილავს. თავად ოპოზიციონერი ირწმუნება, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა.
5 თებერვალს დაწყებული განხილვა დღეს განახლდა. სხდომის დასაწყისში ნავალნის ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა.
შემდგომში, სხდომის მსვლელობისას მოსამართლე ოპოზიციონერს სიტყვას სისტემატიურად აწყვეტინებდა და აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევდა, რამაც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება გამოიწვია.
მოსამართლე ნავალნის დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. საპასუხოდ ოპოზიციონერმა განუცხადა: "ნუ მაწყვეტინებთ და ნუ მემუქრებით! თუ ასე გააგრძელებთ, აქეთ გაგაძევებთ დარბაზიდან!", - იუწყება სხდომიდან DW-ს კორესპონდენტი.
გერმანული გამოცემა სასამართლოდან სხდომის პირდაპირ ტრანსლირებას აწარმოებს: https://t.me/dwglavnoe
აღსანიშნავია, რომ არც ვეტერან იგნატ არტემენკოს, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს ოპოზიციონერისთვის არ უჩივლიათ. ბრალდების მხარე სახელმწიფოა. იგი ნავალნის გასული წლის 2 ივნისს Twitter-სა და Telegram-ში გამოქვეყნებული ვიდეორგოლისა და თანმდევი კომენტარის გამო ედავება, რომელიც პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა.