Accentnews.ge
EU და UNDP - საქართველოში კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის 3 ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებენ

EU და UNDP - საქართველოში კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის 3 ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებენ

12/02/2021 09:20:28 საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებს - ასეთია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP ) კვლების შედეგები, რომელიც კლიმატის ცვლილებებს შეეხება.

ევროკავშირისა და UNDP-ს კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობისთვის კლიმატის ცვლილება ისეთივე დიდი გამოწვევაა, როგორც სიღარიბე და ინფექციური ან ვირუსული დაავადებების გავრცელება.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • გამოკითხულთა 98 %-ს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ;
  • 94 % ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება ისეთივე გავლენას ახდენს საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე;
  • 91 % აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება რეალობაა და არა მითი;85 პროცენტი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას თვეში ერთხელ მაინც ეცნობა;
  • 72 % ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე იგრძნობა.

„კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და თითოეული ადამიანის ჩართულობის გარეშე ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა შესანიშნავი შესაძლებლობაა, შევისწავლოთ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება კლიმატის ცვლილების მიმართ და შევაფასოთ როგორც საზოგადოების მოლოდინი, ისე ადამიანების მზაობა, პირადი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა ალექსანდრე დარასმა.

ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ან ამ მხრივ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე. გამოკითხულთა რიცხვი, რომელთაც სმენია „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ შესახებ, 10%-ს არ აღემატება.

„კვლევის მიგნებები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს და ასევე აღიარებენ, რომ პლანეტის გადარჩენის საქმეში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. იმისთვის, რომ ეს ცოდნა პრაქტიკულ ქმედებად იქცეს, ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ კლიმატისადმი მეგობრული ქცევა შეიძლება ფინანსურად გამართლებულიც აღმოჩნდეს“, - განაცხადა UNDP-ს ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევა „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ“ განხორციელდა რეგიონული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც UNDP აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ახორციელებს, 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8,8 მილიონ ევროს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S