
თურქმენეთის პრეზიდენტმა თავისი ვაჟი მოადგილედ დანიშნა
12/02/2021 08:33:35 მსოფლიო
თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თავისი 39 წლის ვაჟი სერდარი ვიცე-პრემიერად და კონტროლის უზენაესი პალატის თავმჯდომარედ დანიშნა. გარდა ამისა, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ამიერიდან ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წევრია.
აღსანიშნავია, რომ თურქმენეთში მინისტრთა კაბინეტს თავად პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.
2020 წლის 7 თებერვლამდე უმცროსი ბერდიმუჰამედოვი მრეწველობისა და სამშენებლო წარმოების მინისტრის თანამდებობას იკავებდა, კიდევ უფრო ადრე იყო ახალის ველაიათის ადმინისტრაციის უფროსი.
მისი პოლიტიკური კარიერა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა სერდარი დამატებითი არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრად აირჩიეს. მას შემდეგ მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა.
«რადიო აზათლიკის» ინფორმაციით, პრეზიდენტის ვაჟის ინტენსიური კარიერული ზრდა იწვევს ეჭვებს, რომ 63 წლის ავტორიტარული ლიდერი მას მემკვიდრედ ამზადებს.
ოფიციალურ პუბლიკაციებში სერდარს "ხალხის შვილად" მოიხსენიებენ, ხოლო მამასთან ერთად მის საჯარო გამოჩენას - «თაობათა მემკვიდრეობითობის სიმბოლოდ».
სერდარს არაერთგზის წარუდგენია მამის ნაცვლად თურქმენეთი სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე. 2018 წელს იგი ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრაში და დსთ-ის მინისტრთა საბჭოს სხდომაშიც მონაწილეობდა.