სტრასბურგმა ახმატ კადიროვის ყოფილ მცველს სიკვდილის შემდეგ 100 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია განუსაზღვრა

12-02-2021 12:07:18 კავკასია

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სიკვდილის შემდეგ განუსაზღვრა 100 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული პირველი პრეზიდენტის - ახმატ კადიროვის ყოფილ მცველს - აიუბ ტუნტუევს, რომელიც 2019 წლის მარტში რუსეთის ქალაქ ვლადიმირის კოლონიაში გარდაცვლილი იპოვეს, - იუწყება "Медиазона" "სამართლებრივ ინიციატივაზე" დაყრდნობით.

გარდაცვალებამდე ტუნტუევი არაერთხელ უჩიოდა წამებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას კოლონიის თანამშრომლების მხრიდან, კიდევ უფრო ადრე - ჩეჩნეთში დაკავებისას.

სტრასბურგის სასამართლომ დაკავების საქმე 2005 წელს შეისწავლა, როცა ტუნტუევი ჩეჩნეთის ნადტერეჩნის რაიონის შს განყოფილებაში გადაიყვანეს და სოფელ ზნამენსკოეში ავტომობილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. მილიციის თანამშრომლები დაკავებულს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ელექტროშოკით აწამებდნენ, ამცირებდნენ, ხელებით კიდებდნენ, ცელოფნის პარკით ახრჩობდნენ, - იუწყებიან უფლებადამცველები.

წამების შედეგად ტუნტუევმა "დანაშაული" აღიარა, თუმცა ორი თვის განმავლობაში ძალოვანების მხრიდან წამება გრძელდებოდა, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითაც.

სტრასბურგის სასამართლომ წამების აკრძალვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევები დაადგინა.

2008 წელს ტუნტუევს ზნამენსკოეში მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 2017-ში კი - დამატებით 11-თვიანი პატიმრობა 2000 წელს ჩეჩნეთში პსკოვის შინაგანი ჯარების 76-ე დივიზიაზე თავდასხმის ბრალდებით. ტუნტუევს ბრალი არ უღიარებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები