Accentnews.ge
"საქართველო AstraZeneca–ს ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს"

"საქართველო AstraZeneca–ს ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს"

11/02/2021 16:52:44 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანა AstraZeneca–ს ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს.

"AstraZeneca–ს ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად ჩვენ გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას ასევე მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისგან და ასევე კოვაქსპლატფორმიდან მოხდება ამ საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროსესის დაწყება თებერვლის ბოლოდან იგეგმება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანმო–მ AstraZeneca–ს ვაქცინით აცრის რეკომენდაცია ყველა ასაკის ზრდასრული ადამიანისთვის გასცა.

"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინით აცრა ყველა ასაკის ზრდასრულ ადამიანს შეუძლია. ვაქცინა უნდა გაკეთდეს ორ დოზად. პირველ და მეორე აცრებს შორის შუალედი 8–დან 12 კვირამდე უნდა იყოს. ვაქცინის ეფექტურობა არის მაღალი, როდესაც მეორე დოზა მოგვიანებით კეთდება. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ძალიან მაღალი ეფექტურობა, თუ ჯანმო–ს რეკომენდაციას მიყვებით, რომელიც აცრებს შორის 8–დან 12 კვირამდე შუალედის დაცვას ითვალისწინებს", – ნათქვამია ჯანმო–ს "ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობამ Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინით აცრა 18–დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის დაადგინა. გარდა ამისა, 8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც კვლევებით გამოვლინდა, რომ პრეპარატი სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული Covid-19-ის ახალი სახეობის (B.1.351) წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. დღემდე აცრებს შორის შუალედი 21–28 დღე იყო.

შეგახსენებთ, რომ "კოვაქსის" პლატფორ​მის მონაცემების თანახმად, ქვეყნების უმეტესობა სწორედ AstraZeneca–ს ვაქცინას მიიღებს.

"კოვაქსის" პლატფორმა, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, მსოფლიოში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „კოვაქსის“ მექანიზმით, დაგეგმილია Oxford/AstraZeneca–სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინების 330 მილიონი დოზის მიწოდება მსოფლიოს 145 ქვეყნისთვის. ვაქცინების მიწოდება თებერვლიდან დაიწყება. „კოვაქსის“ პროგნოზით, ქვეყნებში ვაქცინების დისტრიბუცია ივნისამდე უნდა დასრულდეს. თითოეულ ქვეყანაში სავარაუდოდ, მოსახლეობის 3,3 პროცენტი აიცრება.

პლატფორმის ოფიციალური წევრობა ამარტივებს ვაქცინების პირდაპირ მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. "კოვაქსის" წევრ ქვეყნებში საქართველოცაა. ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი პროგნოზით, საქართველო „კოვაქსის“ მეშვეობით ვაქცინის 214 050 დოზას მიიღებს. აქედან,

  • Oxford/AstraZeneca – 184 800 დოზა;
  • Pfizer/BioNTech – 29 250 დოზა;

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 107 871 473 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 365 249 ადამიანი იმსხვერპლა. 79 887 003 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 264 158 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 256 024 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 321 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S