"სინოდმა გარეჯის საკითხზე დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-1938 წლებში დაბეჭდილი 200-ათასიანი მასშტაბის რუკების მიხედვით"
11/02/2021 13:54:01 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე გარეჯის, ვაქცინაციისა და ზნეობრივი საკითხები განიხილეს.
როგორც ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ განაცხადა, "სინოდმა გარეჯის საკითხზე დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-1938 წლებში დაბეჭდილი 200-ათასიანი მასშტაბის რუკების მიხედვით".
"პირველ საკითხად იყო გამოტანილი დავით გარეჯის თემა, რომლის თაობაზეც ჩვენ გვქონდა მოხსენება და მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები ბევრნი, ვისაც ეჭვი ეპარება დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილებაზე და იქ არსებული ეკლესიების ქართულ ქრისტიანულ წარმომავლობაზე. სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200-ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზეც ორმა ქვეყანამ 1996 წელს მოაწერა შეთანხმებას ხელი. ითქვა, რომ რადგან თემა აინტერესებს ყველას და არის დიდი აქტივობა ამ თემის გარშემო, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემატიკისა და ისტორიის დაწვრილებით ახსნისთვის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.


