ევროკავშირი და ჯანმო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებაზე ერთად იმუშავებენ
11/02/2021 11:52:33 საზოგადოება
ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისა და ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად ერთად იმუშავებენ. ამის შესახებ ნათქვამია ჯანმო–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანმო–ს ცნობით, პროექტის საერთო ბიუჯეტი 40 მილიონი ევრო იქნება. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი დაემატება უკვე მიმდინარე ან დაგეგმილ პროგრამებს, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის "კოვაქსის" პლატფორმა.
"ეს პროექტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები კარგად იყვნენ მომზადებულები, ჰქონდეთ იმუნიზაციის სისტემები, ხოლო პერსონალი მომზადებული იყოს, მიაწოდოს კოვიდ–საწინააღმდეგო ძვირფასი ვაქცინები მათ, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს. სამუშაო ამით არ სრულდება. ვაქცინების გავრცელებისა და უსაფრთხოების მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მოსახლეობაში ვაქცინების გავრცელების პარალელურად. თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა, დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ დარჩა ამ რთული პროცესის მიღმა“, – განაცხადა ჯანმო–ს ევროპის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.


