„შახტაში პროტესტის ნიშნად მყოფი პირი შეუძლოდ გახდა“ – რას ითხოვენ მეშახტეები
11/02/2021 09:14:13 საზოგადოება
ტყიბულში, შახტაში პროტესტის ნიშნად მყოფი პირი შეუძლოდ გახდა.
მეშახტეები კომპანია „საქნახშირისგან“ გაფიცული თანამშრომლებისთვის საკვების მიწოდებას ითხოვენ და მათ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ.
„მეშახტეების მდგომარეობა მძიმდება. გვაცნობეს, რომ ერთი ადამიანი შეუძლოდ არის, ესაჭიროება დახმარება და საკვების მიწოდება, რაზეც კომპანია უარს გვეუბნება. ველოდებით მოვლენების განვითარებას. არ გვინდა, სიტუაცია დაიძაბოს და მოლაპარაკება ჩიხში შევიდეს. გვინდა, ხელფასის სრულად ანაზღაურების შესახებ მეშახტეების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს“, – აცხადებს მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე.
რა ხდება
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. 24 საათზე მეტია, 11 მეშახტე შახტში იმყოფება. პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ ხელფასის მომატების შესახებ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ძიძიგურის მეშახტეები ამ დროისთვის პროტესტს გამოთქვამენ დაბალი ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით და ელოდებიან კომპანიის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე თითოეულს დღეში 45 ლარი ერიცხება, რაც მათთვის მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ხელფასი გონივრულად გაიზრდება“, – აცხადებენ მეშახტეები, რომლებიც გაფიცულებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან.


