
ზახაროვა: «თქვენ რა, დაგავიწყდათ, როგორ შედიოდნენ საქართველოს პარლამენტში ვარდებით ხელში?»
10/02/2021 12:50:03 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა 14 თებერვლისთვის ქვეყნის დიდ ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად დაანონსებული მორიგი ხალხმრავალი აქციების "ტექნოლოგიის" სხვა სახელმწიფოებში განვითარებულ ოპოზიციურ მოძრაობებთან მსგავსებაზე მიუთითებს.
"რუსეთში ძირგამომთხრელ საქმიანობაში ნავალნის მხარდამჭერებს ნატო-ს ძალები წვრთნიან"- გაიმეორა მისივე ამასწინანდელი პროპაგანდისტული ნარატივი ზახაროვამ და "აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ სხვა ქვეყნებში ორგანიზებულ მსგავს ღონისძიებებზე" მიუთითა.
«იქ ფარნები - არა, იქ ლენტები და ყვავილებია ხოლმე. დაგავიწყდათ, როგორ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში ვარდებით ხელში?! ძალიან სასაცილო იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ წინასწარ, რით სრულდება ეს ყველაფერი! ჩვენ [რუსეთის ხელისუფლება - რედ.] არა მხოლოდ ვხედავთ [როგორ ხდება ამის ორგანიზება - რედ.], ჩვენ ეს ვიცით! აქ არაფერია არც გამოსაგონებელი, არც დასამალი! აქ ყვეფაერი ჩანს: მიმდინარეობს მუშაობა სწორედ იმ კლასიკური მეთოდოლოგიებითა და ტექნოლოგიებით», – განაცხადა ზახაროვამ «Эхо Москвы»-ს ეთერში და დასძინა, რომ "კოლექტიური დასავლეთი ნავალნის მხარდამჭერებს რუსეთზე დაუსრულებელი ზეწოლისა და ზეგავლენის მცდელობების ინსტრუმენტად იყენებს".