"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკების ადგილას სკვერი მოეწყობა"
10/02/2021 08:16:34 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკების ადგილას სკვერი მოეწყობა.
"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია მგონი ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერუტორიაზე. ტყვარჩელის ქუჩა N5-ში მდებარეობდა ე.წ. ბარაკები. რა თქმა უნდა, მოთხოვნა იყო, რომ მათ ნაცვლად, ისევ საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო, რაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის დამატებითი პრობლემა იქნებოდა. შესაბამისად, მოველაპარაკეთ ამ ოჯახებს და გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა. დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც ე.წ. ბარაკები იყო განთავსებული, მუნიციპალიტეტს მოაქვს და ვიწყებთ მათ დემონტაჟს. ადგილობრივებს იმის საშუალება მაინც ექნებათ, რომ თავიანთი პატარები ჩამოიყვანონ და სკვერში გაასეირნონ. იქ მცხოვრებთათვის ასეთი პროექტი არ არსებობს, უბრალოდ სკვერი და პარკი არ არსებობს, ტროტუარიც კი არ არის, რომ ადამიანებმა ნორმალურად გაიარონ. ეს კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება სკვერის მოსაწყობად, რათა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაისვენონ და განიტვირთონ. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორპუსები არ და ვერ აშენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.


