
უკრაინას სურს, რომ MAP საქართველოსთან ერთად მიიღოს
09/02/2021 18:58:55 საგარეო პოლიტიკა
უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინას სურს, რომ საქართველოსთან ერთად მიიღოს NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP).
„ჩვენი მოკლევადიანი სტრატეგია ამ დროისთვის ნამდვილად არის MAP-ს მიღების სურვილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, იგი საქართველოსტან ერთად მივიღოთ, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა შმიჰალმა, ბრიუსელში, ალიანსის გენერალურ-მდივან იენს სტოლტენბერგთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა და მოუწოდა კიევს, რომ მოახდინოს ძალისხმევის კონცენტრაცია რეფორმებზე, რომლებიც „აახლოებს უკრაინას ალიანსის წევრობასთან“.
NATO–ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ალიანსი უკრაინისთვის ძლიერი პრაქტიკული დახმარების გაწევას განაგრძობს".