"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს
09/02/2021 17:34:26 საზოგადოება
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, ტელეარხის ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეუშალოს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩვენი არხის ჟურნალისტს, მარიამ გეგუჩაძეს, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაზე. მარიამ გეგუჩაძე არის ჟურნალისტი და ის მუშაობს გადაცემაზე "თქვენი ხმა”. მას გადაცემისთვის ესაჭიროებოდა პარლამენტში შესვლა ოთხშაბათს, 10 თებერვალს, რათა ხუთშაბათის 11 თებერვლის გადაცემისთვის ჩაეწერა ინტერვიუები დევნილების თემაზე. პანდემიის პირობების გათვალისწინებითაც, არხის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარლამენტის პრესსამსახურს, პარლამენტში “მთავარი არხის” გადამღები სხვა ჯგუფის დროებით გამოყვანა და „თქვენი ხმის“ ჟურნალისტის შეშვება. მიუხედავად ამისა, პარლამენტის მხრიდან იყო უარყოფითი პასუხი დისკრიმინაციული მოტივით - მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მან არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და შეწყვიტოს მისი დისკრიმინაცია", – ნათქვამია განცხადებაში.


