ჯანმო: "AstraZeneca–ს ვაქცინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კვლავ მნიშვნელოვან საშუალებად რჩება"
09/02/2021 07:20:21 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ AstraZeneca–ს ვაქცინა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კვლავ მნიშვნელოვან საშუალებად რჩება.
"ამ ვაქცინაზე უარის თქმა ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებაა. სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალების ეფექტურად გამოყენებას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რიჩარდ ჰეტჩეტმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც კვლევებით გამოვლინდა, რომ პრეპარატი სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული Covid-19-ის ახალი სახეობის (B.1.351) წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. ჯანდაცვის მინისტრ ზველი მხიზეს განცხადებით, გადაწყვეტილება დროებითია მანამ, სანამ მეცნიერები შეისწავლიან თუ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის უფრო ეფექტიანად გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ "კოვაქსის" პლატფორმის მონაცემების თანახმად, ქვეყნების უმეტესობა სწორედ AstraZeneca–ს ვაქცინას მიიღებს.
"კოვაქსის" პლატფორმა, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, მსოფლიოში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „კოვაქსის“ მექანიზმით, დაგეგმილია Oxford/AstraZeneca–სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინების 330 მილიონი დოზის მიწოდება მსოფლიოს 145 ქვეყნისთვის. ვაქცინების მიწოდება თებერვლიდან დაიწყება. „კოვაქსის“ პროგნოზით, ქვეყნებში ვაქცინების დისტრიბუცია ივნისამდე უნდა დასრულდეს. თითოეულ ქვეყანაში სავარაუდოდ, მოსახლეობის 3,3 პროცენტი აიცრება.
პლატფორმის ოფიციალური წევრობა ამარტივებს ვაქცინების პირდაპირ მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. "კოვაქსის" წევრ ქვეყნებში საქართველოცაა. ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი პროგნოზით, საქართველო „კოვაქსის“ მეშვეობით ვაქცინის 214 050 დოზას მიიღებს. აქედან,
- Oxford/AstraZeneca – 184 800 დოზა;
- Pfizer/BioNTech – 29 250 დოზა;
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 107 019 170 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 336 650 ადამიანი იმსხვერპლა. 78 887 385 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 263 057 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 254 916 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 306 გარდაიცვალა.


