სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს
08/02/2021 10:20:19 მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც კვლევებით გამოვლინდა, რომ პრეპარატი სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული Covid-19-ის ახალი სახეობის (B.1.351) წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია.
ჯანდაცვის მინისტრ ზველი მხიზეს განცხადებით, გადაწყვეტილება დროებითია მანამ, სანამ მეცნიერები შეისწავლიან თუ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის უფრო ეფექტიანად გამოყენება. მანამდე კი ვაქცინაციას Pfizer-ისა და Johnson&Johnson-ის ვაქცინით გააგრძელებენ.
კვლევების წინასწარი მონაცემების თანახმად, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინამ ორი დოზით აცრილებში Covid-19-ის ახალი შტამის მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისგან მინიმალური დაცვის უზრუნველყოფა შეძლო. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა 2 000-მა მოხალისემ მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 31 წელია. ვაქცინის უნარი მოახდინოს ვირუსის ახალი ვარიანტის ნეიტრალიზება, ძველ შტამებთან შედარებით საგრძნობლადაა შემცირებული. კვლევის ფარგლებში არ შეუსწავლიათ მისი ეფექტიანობა Covid-19-ის მძიმე შემთხვევების განვითარების წინააღმდეგ.
აღნიშნულს გამოეხმაურა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაც. AstraZeneca–ს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა განისაზღვროს ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის ახალი, B.1.351 შტამით გამოწვეული მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს ახალი თაობის ვაქცინის შექმნაზე, რომელიც შემოდგომისთვის უნდა იყოს მზად.


