
რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება
08/02/2021 09:27:01 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისში რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო რეჯიის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ არის.
დემონსტრანტების თქმით, ისინი საქართველოს ხელისუფლებას გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. აქცია მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებს.
ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა შაბათს ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა შვიდი თვის წინ ზაზა გახელაძე გაიტაცეს.
„ჩემი და ყველა აქ მყოფის, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მთავარი მოთხოვნა არის თავისუფლება ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს საქართველოში, ოკუპანტების მიერ. სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებამ ერთობლივად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად. რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება საზოგადოების მხრიდან, მეტი რეაქცია იქნება მსოფლიო საზოგადოების მხრიდანაც და უფრო მეტი დისკომფორტი შეექმნება რუსეთის მთავრობას, თავისი ძალადობრივი საქმიანობის გამო“, – განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმმა.
გაფრინდაშვილი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხის დაყენება ალბათ შედეგიანი იქნება:
„ჩემი აზრით, ეს საკითხი არა მხოლოდ კარასინთან, არამედ ეს იქნება ყველა საერთაშორისო შეხვედრა, თუ შეკრება, ყველგან უნდა დაისვას ნომერ პირველ საკითხად“.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.