5 დღეში დამარცხებული Covid-19 - ებრაელი მეცნიერები კოვიდ–საწინააღმდეგო პრეპარატის 95%–იან ეფექტიანობაზე იუწყებიან
08/02/2021 07:23:23 მსოფლიო, საზოგადოება
ებრაელი მეცნიერები მათ მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო პრეპარატის 95%–იან ეფექტიანობაზე იუწყებიან. კერძოდ, თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრის ცნობით, COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა EXO-CD24–მა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა.
როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, პრეპარატ EXO-CD24–ის მიღების შემდეგ 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 3–დან 5 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა. რაც შეეხება 30–ე პაციენტს, ისიც გამოჯანმრთელდა, თუმცა უფრო მეტი დღის განმავლობაში დასჭირდა პრეპარატის მიღება.
პრეპარატი EXO-CD24
EXO-CD24 წარმოადგენს CD24 ეზოსომების საფუძველზე შექმნილ ინოვაციურ ნაერთს, რომელსაც პირდაპირ ფილტვებში უშვებენ, რათა აღმოფხვრას COVID-19-ით გამოწვეული ციტოკინური ქარიშხალი.
დღეს არსებული მონაცემებით COVID-19-ს აქვს ორი საკვანძო ეტაპი. პირველ ეტაპზე მის მიმართ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა გამოიყენება. ხოლო მეორე ეტაპზე, გართულების შემთხვევაში, ვითარდება ე.წ. ციტოკინური ქარიშხალი. დღემდე, ჯერ ვერც ერთმა პრეპარატმა ვერ შეძლო კორონავირუსის ამ ეტაპის მიმართ სამკურნალო საშუალების ეფექტურობის დადასტურება.
როგორც სურასკის სამედიცინო ცენტრის პროფესორი ნადირ არბერი აღნიშნავს, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ამ პრეპარატის შექმნაში, ვაქცინა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პანდემიის შესაკავებლად და გასანეიტრალებლად, მაგრამ მისი სრულად გაქრობა ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ სამკურნალო საშუალება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ამ ვირუსის საფრთხე საბოლოოდ განეიტრალდეს.


