აქციის მონაწილეები "დედაენის ბაღში" შეიკრიბნენ: "რამდენ ხანსაც მოგვინდება, აქ იმდენი ხნის განმავლობაში ვიქნებით და სადაც მოგვინდება, იქ გადავინაცვლებთ"
06/02/2021 18:50:56 საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც “დაუმორჩილებლობის მარშის” ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობა გამართეს, "დედაენის ბაღში" შეიკრიბნენ.
როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, ადგილზე მყოფ ადამიანებს, "სასიამოვნო მუსიკა და სიურპრიზები ელოდებათ".
"რამდენ ხანსაც მოგვინდება, აქ იმდენი ხნის განმავლობაში ვიქნებით და სადაც მოგვინდება, იქ გადავინაცვლებთ. იმედია, "ქართული ოცნება", როგორც ამ აქციის ანონსით დაიბნა, შეშინდა და რაღაცები გადმოაგდო, ასევე გააგრძელებს და ყველა უაზრო რეგულაციას მოხსნის", – აცხადებს მაქარაშვილი.
მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული:
„სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები 21:00 საათიდან „კომენდანტის საათის“ დროს “დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ აწყობენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეებს ქვეითად და ავტომობილებით მთელი გზის განმავლობაში პოლიცია მიჰყვებოდა.


