“დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ
06/02/2021 17:10:57 საზოგადოება
“დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ დასარტყამი ინსტრუმენტები. დემონსტრანტების ნაწილს სახეზე აფარებული აქვთ სხვადასხვა მოხატულობის ნიღაბი.
ისინი წინასწარ არ ამხელენ თუ სად მიემართებიან.
"რა მარშრუტიც გვქონდა, ყველა ჩაკეტა პოლიციამ, ამიტომ კონკრეტული მარშრუტი არ ვიცით, მაგრამ მივდივართ მშვიდობიანად, რაც შეეხება ჯარიმებს, წერონ და იკითხონ, ჩვენ მათ ჯარიმებს არ ვემორჩილებით", - აცხადებს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა ე.წ.კომენდანტის საათის გაუქმება და სხვა არსებული რეგულაციების მოხსნაა.
“დაუმორჩილებლობის მარშში” სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მსვლელობის მონაწილეები საავტომობლო გზაზე გადაადგილდებიან. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მიჰყვებიან.


