დანია ჩრდილოეთ ზღვაში ხელოვნურ კუნძულს ააშენებს, რათა ნავთობისა და გაზის წვა აღარ დასჭირდეს

06-02-2021 19:52:26 ეს საინტერესოა

დანიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ზღვაში (სანაპიროდან 80 კმ-ში, სადაც ზღვის სიღრმე 26-27 მეტრს შეადგენს) უზარმაზარი ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვ გასცა.

18 საფეხბურთო მოედნის (120 ათასი კვ.მ) ფართობის კუნძულზე ქარის 200 გენერატორი განთავსება, რომელიც ელექტროენერგიით 3 მილიონი საბინაუო მეურნეობის დაკმაყოფილებას შეძლებს.

ეს უმსხვილესი სამშენებლო პროექტია დანიის ისტორიაში. მისი ღირებულება 34 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

კუნძული სანახევროდ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, სანახევროდ – კერძო სექტორის.

სამომავლოდ მისი ფართობი შესაძლოა, გასამმაგდეს, - იუწყება BBC.

ვარაუდობენ, რომ კუნძული ელექტროენერგიით მეზობელ ქვეყნებსაც მოამარაგებს. მათი ჩამონათვალი ჯერ არ განსაჯაროებულა. თუმცა არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით, საუბარია ბრიტანეთზე, გერმანიასა და ნიდერლანდებზე.

გარდა ამისა, ქარის უზარმაზარი ელექტროსადგური გამოიმუშავებს წყალბადს ტრანსპორტსა და მრეწველობაში გამოსაყენებლად.

დანიაში კლიმატის შესახებ მიღებული აქტის თანახმად, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყანა სასათბურე გაზების გაფრქვევის 1990 წლის მაჩვენებლის 70%-ით შემცირებას გეგმავს, 2050 წლისთვის კი – სულაც ნულოვან დონეზე გასვლას.

გასული წლის დეკებერში კოპენჰაგენმა ჩრდილოეთ ზღვის ფსკერის მის კუთვნილ ნაწილში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა დანა იორგენსენმა განმარტა, დანია პრიორიტეტებს ცვლის.

ეს ახალი ნაბიჯია ქარის დანიური ენერგიის განვითარებაში. ქვეყანამ დაიწყო ქარის გენერატორების დამონტაჟებით ხმელეთზე, შემდეგ – ნაპირის სიახლოვეს, ახლა კი – ხელოვნურ კუნძულებზე. ამ კუთხით დანია მსოფლიო ლიდერი ხდება.

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბერში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ზღვებში დამონტაჟებული ქარის გენერატორების მიერ ელექტროენერგის გამომუშავება 2030 წლისთვის – 5-ჯერ, ხოლო 2050 წლისთვის 25-ჯერ უნდა გაიზარდოს. ევროკავშირის ენერგომოთხოვნის 1/3 უკვე იფარება განახლებადი წყაროების საშუალებით. ევროკავშირის ქვეყნებში საზღვაო ბაზირების ქარის გენერატორების ჯამური სიმძლავრე 12 გიგავატს შეადგენს, მათგან დანიაზე 1,7 გიგავატი მოდის. ჩრდილოეთ ზღვაში დასაარსებელი კუნძული კი 3 გიგავატზეა გათვლილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები