
ანუკი ჩრდილელი: აუცილებლად ვიჩივლებ, ჯანმრთელობის, თან ცრუ მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება
04/09/2025 17:46:00
ანუკი ჩრდილელი ამბობს, რომ „ქართული ოცნების” მხარდამჭერ ექსპერტს, თამთა მეგრელიშვილს „აუცილებლად უჩივლებს”.
ჩრდილელმა ეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა.
„არ ვიცი, რატომ გონია მეგრელიშვილს, რომ მე სადღაც მიბმული ვარ ნაცებს, ქოცებს და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეუძლია, ისაუბროს. მე აუცილებლად ვუჩივლებ მას სამართლებრივად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა, თან ცრუ მდგომაროების, ასე არ ხდება. არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ მქონია, თუ საჯაროა ეს ყველაფერი, შემიძლია, დასკვნაც გამოვიტანო. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცები არ იყენებდნენ. საერთოდ არავის გამოუყენებია 29 წლის განმავლობაში”. – თქვა ანუკი ჩრდილელმა.
ჩრდილელი აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. მისი მამა, ოთარ ჩრდილელი „ქართული ოცნების” წევრია, ის პარლამენტის 3 მოწვევის წევრი იყო, ახლა კი „ოცნების” თბილისის საკრებულოს სიაშია.
2 სექტემბერს პოლიციამ რუსთაველზე თეა წულუკიანის განცხადებების გასაპროტესტებლად გამოსული აქტივისტები დააკავა – ჯამში 23 ადამიანი, მათ შორის იყო ანუკი ჩრდილელიც.
მოქალაქეები ფეისბუქ-პოსტებში ხაზს უსვამდნენ ანუკის და მისი მამის სხვადასხვა მხარეს დგომას.
რამდენიმე საათში „ქართული ოცნების” მხარდამჭერმა პოლიტიკურმა „ექსპერტებმა” მათ შორის თამთა მეგრელიშვილმა და გია აბაშიძემ ქალის დისკრედიტაციის კამპანია დაიწყეს, მათ შორის უარყოფითად ლაპარაკობდნენ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. სწრედ ამის გამო აპირებს ჩივილს ანუკი ჩრდილელი.
რაც შეეხება დაკავებას, ანუკი ჩრდილელი ამბობს, რომ ტროტუარზე დააკავეს. ამასთან, დამკავებლად გააფორმეს სხვა პოლიციელი.
„თითით ანიშნეს ჩემზე, დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი. არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, მოწოდება. ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ დღისით, მზისით ვიდექი ტროტუარზე თეატრთან და რა დავაშავე ამით. ოქმში ჩამიწერეს, რომ ვიგინებოდი და ვილანძღებოდი. ასეთი არაფერი არ ყოფილა.
ვინც შემაგდო მანქანაში, ის სხვა ადამიანია და ვინც დამკავებლად გამიფორმეს – სხვა”.
მისი ისევე, როგორც 2 სექტემბერს დაკავებული სხვა აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს გაიხსნა. თუმცა, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე საქმეზე გამოიტანეს.