Accentnews.ge
"დღეს პირველად, მსოფლიოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა"

"დღეს პირველად, მსოფლიოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა"

05/02/2021 20:12:44 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "დღეს პირველად, მსოფლიოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა".

„ვისაც ვაქცინის არ სჯერა, ერთ რიცხვს მოგიყვანთ – მსოფლიოში დღეს უკვე უკვე 107 მილიონია ვაქცინირებული, ინფიცირებული კი 105 მილიონი. ამ 105 მილიონიდან სამწუხაროდ, 2,3 მილიონი ადამიანი დაიღუპა, 107 მილიონი ვაქცინირებულიდან კი არც ერთი ფატალური გართულება არ არის. ამიტომ, უნდა დავიჯეროთ, რომ პანდემიის დამარცხების გზა გადის შეზღუდვებზე და ჯანდაცვის სექტორის მიერ რეკომენდირებული წესების დაცვაზე. ამას რომ ვამბობ, მაკრიტიკებენ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, რომ პირბადე და წესები ჩვენ კიდევ ერთი წელიწადი დაგვჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19–ის მუტაცია შეზღუდონ. მათი თქმით, თუ ფართო ვაქცინაციით შეაჩერებენ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის.

კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, წარმოებული ვაქცინების 50%–ზე მეტი დაირეზერვეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 105 457 587 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 295 576 ადამიანი იმსხვერპლა. 77 158 682 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 258 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S