ფაუჩი: "იმ პირებმა, რომელთაც Covid-19 უკვე გადაიტანეს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ"
05/02/2021 09:28:27 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იმ პირებმა, რომელთაც Covid-19 უკვე გადაიტანეს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ.
"ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მტიკიცებულება, გავცეთ რეკომენდაცია, Covid-19–სგან გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა გაიკეთოს. იმ პირებმა, რომელთაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ. აცრებს შორის შუალედი 21 –28 დღე უნდა იყოს, როგორც ეს პრეპარატების მწარმოებელი კომპანიების მიერ არის დადგენილი", – განაცხადა ფაუჩიმ.
მისივე თქმით, ვაქცინაცია კოვიდ–გადატანილ პირს გამოჯანმრთელებიდან 3 თვეში უნდა ჩაუტარდეს.
ცნობისთვის: 2 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელის თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც Covid-19 უკვე გადაიტანეს შესაძლოა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა დასჭირდეთ.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19–ის მუტაცია შეზღუდონ. მათი თქმით, თუ ფართო ვაქცინაციით შეაჩერებენ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის.
კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, წარმოებული ვაქცინების 50%–ზე მეტი დაირეზერვეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 105 457 587 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 295 576 ადამიანი იმსხვერპლა. 77 158 682 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 258 გარდაიცვალა.


