კვლევა – იმ პირებს, რომლებმაც Covid-19 უკვე გადაიტანეს, შესაძლოა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა დასჭირდეთ
02/02/2021 09:51:58 საზოგადოება
იმ პირებს, რომლებმაც Covid-19 უკვე გადაიტანეს შესაძლოა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა დასჭირდეთ, – ამის შესახებ სინას მთაზე მდებარე აიკანის მედიცინის სკოლის მეცნიერების კვლევაშია ნათქვამი.
"კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სხეულში იგივე რაოდენობის ანტისხეულები გამომუშავდა, რაც იმ პირის ვაქცინის ორივე დოზით აცრისას, რომელსაც Covid-19 არასოდეს ჰქონია.
იმ ადამიანების ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზით აცრისას, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:დაღლილობა, ცხელება და კუნთების ტკივილი. აღსანიშნავია, რომ mRNA ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ რიგ შემთხვევაში ზუსტად ეს გვერდითი მოვლენები აღენიშნებათ კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინით აცრილ პირებს, რომლებიც Covid-19–ით ინფიცირებულები არასოდეს ყოფილან", – აცხადებენ მეცნიერები.
კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები 2 დოზად კეთდება. თუმცა დასავლეთში შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების (მათ შორის"მოდერნას" და "ფაიზერ-ბიონტეკის" მიერ შექმნილი) ორივე დოზა (პირველ ჯერზე და მეორე ჯერზე გამოყენებული წამლის დოზები) ერთი და იგივე შემადგენლობისაა. რუსული წარმოების Sputnik V–ს შემთხვევაში კი, პირველი დოზისა და მეორე დოზის შემადგენლობა განსხვავებულია.
მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. უკვე წარმოებული ვაქცინების დიდი ნაწილი მდიდარმა ქვეყნებმა შეიძინეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 103 975 465 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 249 141 ადამიანი იმსხვერპლა. 75 818 127 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 259 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 250 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 208 გარდაიცვალა.


