„შემდეგი შეიძლება, ფიტნესდარბაზები იყოს“ – თურნავა შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე საუბრობს
04/02/2021 17:23:55 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ფიტნესდარბაზების გახსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა "დღის კურიერში" საუბრისას აღნიშნა, სპორტული ინდუსტრიისთვის შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე მოხდეს.
"ფიტნესცენტრებს და სპორტულ კომპანიებს და ვინც ამ ინდუსტრიაში ჩართული უფრო მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვიდრე თუნდაც კვების ინდუსტრიას, რომელიც 15 თებერვლიდან ღია სივრცის სახით გაიხსნება. ფიტნესებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ, ვაკვირდებით ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევუმსუბუქოთ სპორტულ ინდუსტრიას ეს პერიოდი როდესაც გაჩერებულები არიან და დავუსუბსიდიროთ სესხის პროცენტი, რაც არ იქნება ნეიტრალიზაცია ნეგატიური ზეგავლენის, რაც გაჩერებულ ბიზნესს ემართება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და ტვირთის ნაწილს მაინც შევუმსუბუქებთ.
საკმაოდ დიდი აქტივობა გავხსენით, 1, 8 და 15 თებერვლიდან, დავაკვირდებით ეპიდვითარებას და შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნესდარბაზები, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო," - განაცხადა თურნავამ.
მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო: 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები;15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.


