"თუ მოქალაქეები წესებს დაიცავენ, მესამე ტალღა აღარ იქნება"
04/02/2021 17:13:07 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რეგულაციების დაცვის შემთხვევაში საქართველოში კორონაავირუსის გავრცელების მესამე ტალღა არ იქნება.
„მეორე ტალღის პიკი ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გავიარეთ, დღეს დადებითობის მაჩვენებელი 3,87%-ის ფარგლებშია, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30%, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95%–მდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, – გამყრელიძის კომენტარს „პირველი არხი“ აქვეყნებს.
მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო: 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები;15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.


