კვლევა – მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ ნდობა იზრდება
04/02/2021 13:07:36 საზოგადოება
მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ ნდობა იზრდება, – ამის შესახებ ლონდონის საიმპერიო კოლეჯის გლობალური ჯანმრთელობის ინოვაციების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევა 15 ქვეყანაში 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში ( გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი) ჩატარდა. საანგარიშო პერიოდში კვლევაში მონაწილე თითოეული ადამიანი 4–ჯერ გამოკითხეს. კვლევის შედეგების თანახმად, ნოემბერში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციას გამოკითხულთა 41% უჭერდა მხარს, ხოლო იანვრის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 54%–მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ–ის ხსენებულ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა CNN–ის კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინის მიმართ მხარდაჭერა შეერთებულ შატატებშიც გაზრდილია. კერძოდ, თუ 2020 წლის ოქტომბერში ამერიკელების 51% აცხადებდა, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებდა, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, ვაქცინაციის მხარდამჭერთა რაოდენობამ 66% შეადგინა.
ბრიტანულ კვლევაში მონაწილე 15 ქვეყნიდან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას ნდობას ყველაზე მეტად იტალიაში უცხადებენ, ყველაზე ნაკლებად – იაპონიაში.
კვლევის შედეგები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- იტალია – რესპონდენტთა 82% აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას ენდობა;
- გაერთიანებული სამეფო – 81%
- დანია – 77%
- შვედეთი – 72%
- ფინეთი –68%
- კანადა – 67%
- ავსტრალია –67%
- ნორვეგია – 66%
- ნიდერლანდები – 64%
- ესპანეთი – 63%
- სინგაპური – 61%
- სამხრეთ კორეა – 58%
- გერმანია – 54%
- საფრანგეთი – 52%
- იაპონია – 34%
კვლევის შედეგების თანახმად, კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინების გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული შეშფოთება 2020 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, შემცირებულია. ამჟამად გამოკითხულთა 47% გამოთქვამს წუხილს ვაქცინების გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. ირკვევა, რომ ყველაზე მეტად ეს საკითხი (გამოკითხული ფრანგების 40%) ფრანგებს აწუხებთ.
გამოკითხულ რესპონდენტთა 58% აცხადებს, რომ დარწმუნებულები არიან ქვეყნის მთავრობა ეფექტიან და უსაფრთხო ვაქცინით აცრის მოსახლეობას.
რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 41% აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის შემთხვევაში აცრას გაიკეთებდა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19–ის მუტაცია შეზღუდონ. მათი თქმით, თუ ფართო ვაქცინაციით შეაჩერებენ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის.
კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, წარმოებული ვაქცინების 50%–ზე მეტი დაირეზერვეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 104 911 245 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 278 587ადამიანი იმსხვერპლა. 76 653 010 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 260 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 251 748 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 240 გარდაიცვალა.


