ბრიტანელი მინისტრი: "მსოფლიოში Covid-19–ის დაახლოებით 4000 მუტირებული სახეობა უკვე ცირკულირებს"
04/02/2021 11:37:39 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს ვაქცინების მინისტრ ნადიმ ზაჰავის განცხადებით, სადღეისოდ მსოფლიოში Covid-19–ის დაახლოებით 4000 მუტირებული სახეობა ცირკულირებს.
როგორც მან Sky News–თან საუბრისას განაცხადა, გარდა კალიფორნიაში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და დიდი ბრიტანეთში დაფიქსირებული Covid-19–ის სახეობებისა, დაავადების უკვე ძალიან ბევრი მუტირებული ვარიანტია გავრცელებული.
"ჩვენ ამ მუტირებული ვარიანტების გენომებს ვინახავთ, რათა სამომავლოდ მზად ვიყოთ, შეიქმნას ახალი თაობის ვაქცინა მათ წინააღმდეგ. იქნება ეს 2021 წლის შემოდგომა თუ უფრო გვიანი პერიოდი, მზად ვართ საპასუხო რეაგირებისთვის, რათა დავიცვათ გაერთიანებული სამეფო და, რა თქმა უნდა, დანარჩენი მსოფლიოც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე შექმნილი ვაქცინები ეფექტური არ იყოს კორონავირუსის ბრიტანული თუ სხვა ვარიანტების მიმართ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მძიმე პაციენტებს და ჰოსპიტალიზაციას. თუმცა იმის გამო, რომ ვირუსი მუტაციას ძალიან სწრაფად განიცდის Pfizer/BioNTech, Moderna და Oxford/AstraZeneca უკვე განიხილავენ შესაძლებლობებს, როგორ გააუმჯობესონ თავიანთი ვაქცინები Covid-19–ის ახალი შატამების მიმართ", – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ვაქცინების მინისტრმა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19–ის მუტაცია შეზღუდონ. მათი თქმით, თუ ფართო ვაქცინაციით შეაჩერებენ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის.
კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, წარმოებული ვაქცინების 50%–ზე მეტი დაირეზერვეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.
იხილეთ ასევე: AstraZeneca COVID-19–ის ახალი სახეობების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას შემოდგომისთვის აანონსებს
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 104 911 245 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 278 587ადამიანი იმსხვერპლა. 76 653 010 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 260 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 251 748 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 240 გარდაიცვალა.


