
საქართველოს U15 წყალბურთელთა ნაკრები რუსეთის დამარცხების შემდეგ:"ცალი თვალითაც გხედავთ"
06/07/2019 10:38:43 სხვა, საზოგადოება
წყალბურთში საქართველოს U15 ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე რუსეთის დამარცხება სიმბოლური ჟესტით აღნიშნა. სპორტსმენებმა ცალ თვალზე აფარებული ხელით ფოტო გადაიღეს, რაც 20-21 ივნისის ღამეს დაშავებულებისადმი სოლიდარობის და აქცია #სირცხვილიას მხარდაჭერის სიმბოლოს იქცა.
"ცალი თვალითაც ვხედავთ", — პროტესტის ეს ფორმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. ამ ფორმით პროტესტი სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გამოხატეს.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.