
ნინო სუხიშვილი ლევან აკინის ბრალდებებს პასუხობს
05/07/2019 17:59:11 სხვა, საზოგადოება
ანსამბლ “სუხიშვილების” გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის ლევან აკინის ბრალდებებს „სისულელედ“ აფასებს.
The Guardian–თან საუბრისას რეჟისორი ქართული ნაციონალური ბალეტის გენერალურ დირექტორს ფილმში მონაწილე მოცეკვავეების დაბლოკვაში ადანაშაულებს.
როგორც ნინო სუხიშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ლევან აკინს სცენარში ეწერა, რომ ფილმის გადაღება „სუხიშვილების“ ბაზაზე სურდა.
„ჩვენი სახელის გამოყენება გეი სიყვარულზე არ გამოგივათ-მეთქი, ვუთხარი. და მერე სხვაგან გადაიღო კიდეც. [რეჟისორის ბრალდებები] აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი, რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით, როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა. ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო? ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი”, – აცხადებს ნინო სუხიშვილი „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ეროვნებით ქართველი ლევან აკინის გეითემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმია, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ნამუშევარი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა და არაერთი კინოჟურნალის და კრიტიკოსის რჩეული გახდა.