ხმალაძე – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: „არაკონსტიტუციურია“

02-02-2021 13:49:27 კომენტარი

„ქართული ოცნება“ კვლავ საბოტაჟად აფასებს ოპოზიციონერი კოლეგების გადაწყვეტილებას, უარი თქვან მანდატებზე, თუმცა 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ აპირებს. მსგავს მიდგომას არაკონსტიტუციურს უწოდებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

„ის ეწინააღმდეგება ადამიანის ნების თავისუფლების გამოხატვას: არ შეიძლება, ვინმე აიძულო, დაიკავოს რომელიმე თანამდებობა, თუ მას ეს არ სურს. ისევე, როგორც, არ შეიძლება, უარი ეთქვას პირს თანამდებობიდან გადადგომაზე – ეს ამოსავალი პრინციპია“,– ამბობს „აქცენტთან“ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტი იხსენებს 1992–1995 წლების პარლამენტში მომხდარ უცნაურ შემთხვევას, რომელიც მისი შეფასებით, განაპირობა მიდგომამ, რომ პარლამენტს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში შეუწყვიტოს ან არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება: მაშინ საკანონმდებლო ორგანოში კენჭი უყარეს გარდაცვლილი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს და მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კონსტიტუციონალისტი იხსენებს კიდევ ერთ შემთხვევას, როდესაც პარლამენტმა არ შეუწყვიტა უფლებამოსილება რამდენიმე წევრს, რომელთა შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აღნიშნულ პირთა არჩევა არაკონსტიტუციური იყო.

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტის რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ოთხ შემთხვევაში პარლამენტი კენჭს არ უყრიდა უფლებამოსილების შეწყვეტას, არამედ ამოწმებდა ფაქტის ნამდვილობას და დადასტურების შემთხვევაში, ცნობად იღებდა უფლებამოსილების შეწყვეტას. ეს შემთხვევები იყო:

  • თუ პარლამენტის წევრი გარდაიცვალა;
  • თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
  • თუ პარლამენტის წევრმა თავად განაცხადა უარი მანდატზე;
  • თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად სცნობდა არჩევის უფლებამოსილებას. თუმცა მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით ჩამოერთვა არჩევნების კონსტიტუციურობის შეფასების უფლებამოსილება.

„ამ მოწვევის პარლამენტში მოქმედებს რეგლამენტის სხვა ნორმა, რომელიც პარლამენტს ავალდებულებს, კენჭი უყაროს უფლებამოსილების შეწყვეტას, როგორც სხვა შემთხვევაში, ასევე ხსენებულ შემთხვევებშიც.

მიმაჩნია, რომ პარლამენტის წევრისთვის უარის თქმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე, როდესაც თავად ითხოვს ამას, არაკონსტიტუციურია“,– ამბობს კონსტიტუციონალისტი.

ხმალაძე ამბობს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს სხვა გზაც აქვთ:

„თუ პარლამენტმა პარლამენტის წევრს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა, მას უფლება აქვს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს პარლამენტის მსგავსი გადაწყვეტილების გაუქმება და დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და პარლამენტის წევრს უფლებამოსილებას შეუწყვეტს. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს გადაწყვეტილება უფლებამოსილების ცნობა არცნობის თაობაზე შეიძლება, გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები