ელისაშვილი: "არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, თავაწეულები შემოვედით"

02-02-2021 11:29:58 საშინაო პოლიტიკა

პარტია "მოქალაქეების წევრები" ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი უკვე პარლამენტში იმყოფებიან და დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობაში ჩაერთვებიან.

"არ იყო იცით მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, იცით რაც გამოვიარეთ მეც და ლევან იოსელიანმაც, ჩვენმა პარტიამაც სანამ აქამდე მოვიდოდით. თუმცა ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარია გათავისუფლებულია, ვისზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით, იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ორი ადამიანი. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივაა. პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ იმ მემორანდუმში არსებული პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას", - აცხადებს ელისაშვილი.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები