"ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

01-02-2021 22:40:40 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტზე გითხრათ. ამ პროექტს სჭირდება ხვალ უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით გარკვეულ პოზიციაზე, რომელიც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ეს ასევე უნდა აისახოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ. შესაძლოა, ჩვენი ოპონენტების ნაწილს ჩვენი გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, არ მოეწონოს. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში იმის საპირისპიროდ, რასაც ტელეეთერებში ვხედავდით, რომ ისინი გაგულისებულები და საკმაოდ მაღალ ტონში საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევწყვიტოთ უფლებამოსილება, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით როგორც კულუარებში, ასევე ოპოზიციის მედია საშუალებებში, ყველა დეპუტატის პირადი მოსაზრების დონეზე იყვნენ დაინტერესებულები, რას ფიქრობდნენ ამის შესახებ. გამოჩნდა, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ასე დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება ძალიან დიდი ნერვიულობაა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის: საკითხთან დაკავშირებით დღეს, 1 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ოპოზიციისთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები