"დეპუტატის ადგილი პარლამენტშია, ვისაც არ ესმის, ხელი არ შეუშალოს იმას, ვისაც ესმის"

01-02-2021 16:00:34 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დეპუტატების ადგილი პარლამენტშია.

"მანდატების გარდა, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგის საგანი არის ის უამრავი კონკრეტული პრობლემა, რომელიც აღელვებს ჩვენს მოქალაქეებს. ყველას კარგად გვესმის, რომ მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული, ყოველდღიური პრობლემები. გლობალური ეკონომიკური პრობლემების გამო უჭირთ ოჯახის რჩენა. მათ ჯანმრთელობას აქვს უამრავი რისკი. დღეს საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში. იქ არის არჩეული დეპუტატის ადგილი, იქ იშრომეთ და იზრუნეთ ჩემზე, მომიგვარეთ პრობლემები, რომლებიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიღაცას - არ ესმის. ვისაც ესმის, შრომობს პარლამენტში, ვისაც არა - ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ესმის. ჩემი საბოლოო პასუხი არის ის, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა "ქართულმა ოცნებას" მათთვის მანდატების შეწყვეტისთვის ჯერ კენჭი არ უყრია. საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე 2 თებერვალს უნდა დადგეს.

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერია პარტია "გირჩის" ერთ-ერთ განაყოფს - იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილსა და ვახტანგ მეგრელიშვილს. ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა - მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პარლამენტში შევიდნენ "პარტიოტთა ალიანსის" სიით მოხვედრილი ადამიანები, რომლებმაც სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები დააფუძნეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები