"გირჩი" – "ოცნებას": "ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკებას აზრს დაუკარგავს"

01-02-2021 11:33:09 საშინაო პოლიტიკა

პარტია "გირჩი" პარტია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

"გირჩში" მიიჩნევენ, რომ იმ დროს, როდესაც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა "დიალოგის პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს".

"გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს "ქართული ოცნებიდან", საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, "ქართული ოცნება" მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ "ქართული ოცნების" მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს", - აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის: იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა "ქართულმა ოცნებას" მათთვის მანდატების შეწყვეტისთვის ჯერ კენჭი არ უყრია.

27 იანვარს "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათივე განცხადებების საფუძველზე, მანდატები შეუჩერდებათ. თუმცა მისივე თქმით, შესაბამის კენჭისყრამდე ერთი სხდომა კიდევ ერთხელ ჩატარდება, შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერ მისცემენ გარანტიას, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერია პარტია "გირჩის" ერთ-ერთ განაყოფს - იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილსა და ვახტანგ მეგრელიშვილს.

ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა - მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

პარლამენტში შევიდნენ "პარტიოტთა ალიანსის" სიით მოხვედრილი ადამიანები, რომლებმაც სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები დააფუძნეს.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები