“ღამის კურიერი” ბოდიშს იხდის
20/01/2021 11:55:42 საზოგადოება
“ღამის კურიერი” მაყურებელს და სტუმრებს ბოდიშს უხდის გადაცემაში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილს შორის ეთერში 19 იანვარს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო.
“რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ირაკლი იმნაიშვილის მიერ გადაცემის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაირღვა გადაცემის ფორმატი და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კონკრეტული ჯგუფი ეთერში მომხდარ “სამწუხარო ინციდენტს” ტელეკომპანიის წინააღმდეგ იყენებს:
“ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება.პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ვცდილობთ გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და ‘გაეროს განვითარების ფონდის’ მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც”, – წერია განცხადებაში.
იმნაიშვილი განცხადებაში გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის კომენტარსაც, რომლის მიხედვითაც, მან არ იცოდა, რომ ალეკო ელისაშვილთან და იაგო ხვიჩიასთან ერთად მოუწევდა გადაცემაში ყოფნა და რომ შეთანხმების თანახმად, ის ეთერში მარტო უნდა ყოფილიყო.
“ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, “ღამის კურიერის” 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი. ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ “ღამის კურიერის” მთავარი სარედაქციო ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება”, – წერია განცხადებაში.
პოლიტიკური პარტიების, “ლელოს” და “მოქალაქეების” ლიდერები ერთმანეთს გუშინ, 19 იანვარს გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში დაუპირსპირდნენ.


